სოფელ ნორიოში ადამიანი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი [ვიდეო]

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა ურთიერთშელაპარაკებისას  ადამიანი მოკლა,  დაჭრილია კიდევ ერთი პირი. 

უწყების ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 1979 წელს დაბადებული დ.ყ. დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი მამაკაცი – 1986 წელს დაბადებული ი.შ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ზ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ქ. საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.