ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა საერთაშორისო სპორტული ასპარეზობების მონაწილე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
გიორგი დოხტურიშვილმა ადგილობრივ ახალგაზრდებს, რეგიონში სპორტის სფეროს განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, მიღწეული შედეგები მიულოცა და სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გიორგი დოხტურიშვილმა სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებთან მათი წარმატებული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის ფარგლებში, მხარის პირველმა პირმა, სპორტსმენებს, რეგიონის მასშტაბით, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო.
დაჯილდოებაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრაზე ჭიდაობაში, 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნები, ასევე კრივში, 22 წლამდე ასაკის ევროპისა და ძიუდოში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულები და ტაეკვანდოში, ევროპის თასის მესამეადგილოსანი სპორტსმენები იმყოფებოდნენ.