ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ჯგუფურად ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისგან თავის არიდების მიზნით, 2019-2021 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთიდან საქართველოში ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით 325 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოიყვანეს, რომლებიც შემდგომში, ქვეყნიდან გაყვანის ნაცვლად, განბაჟების გარეშე დაშლილ და რეალიზებულ იქნა ნაწილებად, რითიც სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამში 1 474 921.10 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა.
უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.









