საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, სოფელ დარბაზის ახალგაზრდულ სათემო ცენტრში, ქართული ენის შემსწავლელ კურსს დაესწრო.
“მიუხედავად იმისა, რომ ბევრ აზერბაიჯანულ სკოლაში ისწავლება ქართული ენა, მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ეს კურსები შეგვეთავაზებინა, პირველ რიგში, ჩვენი ახალგაზრდებისათვის, იმდენად რამდენადაც ჯერ კიდევ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის იდეა და შინაარსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, სრულად ინტეგრირდნენ და სრულყოფილად ჩაერთონ ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში.”-განაცხადა გოგი მეშველიანმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან, გოგი მეშველიანის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო.
16-30 წლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის სწავლის შესაძლებლობა აქვთ. ქართლი ენის სწავლება ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის ახალგაზრდულ სათემო ცენტრებში მიმდინარეობს.
გოგი მეშველიანის ინიციატივით, შემუშავდა მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამა, შეიქმნა და სრული დატვირთვით ამუშავდა ახალგაზრდული სათემო ცენტრები სოფელ დარბაზში, ტალავერში, ნახიდურში, ქვემო ბოლნისსა და დაბა კაზრეთში.