საგამოძიებო: დაკავებული დავნილ მოქალაქეს ქულის მომატებას და ბინის მიღებას დაჰპირდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეს, 1 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქულის მომატებას და ბინის ვადაზე ადრე მიღებას დაჰპირდა.

როგორც საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს დაუკავშირდა, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ,  სამინისტროს თანამდებობის პირის მეშვეობით, შეძლებდა დაინტერესებული პირისთვის დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე ადრე, საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 1 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.