დღეს, „დიდ შაბათს“ მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. სასულიერო პირებმა გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარეს.
გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ აუწყა, რომ უფალი აღდგა.
ამასთან, მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება. იერუსალიმში იმყოფება ქართველ მომლოცველთა ჯგუფი. წმინდა ცეცხლს საქართველოში დეკანოზი შალვა კეკელია ჩამოაბრძანებს.
როგორც „ქრონიკას“ მამა შალვამ განუცხადა, წმინდა ცეცხლი საქართველოში სააღდგომო ლიტურგიის დაწყებამდე ჩააბრძანბს, რის შემდეგაც იგი ტაძრებში გავრცელდება.
დიდმარხვა წელს 7 მარტს დაიწყო და 24 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.