მონიტორინგის სისტემების მონტაჟი – რომელი საწარმო რა ეტაპზეა

პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. ერთ-ერთი საკითხი, რუსთავში საწარმოების მიერ ჰაერის დაცვის  შესახებ კანონის ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებია.

სხდომას რუსთავის მერი, ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

მონიტორინგის შედეგები კომიტეტზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. როგორც თანდილაშვილმა განაცხადა, საწარმოებს ჰქონდათ მთელი რიგი პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო მათ შორის ფილტრაციის სისტემების უქონლობასთან და ზოგ შემთხვევაში ეს სისტემები არსებობდა, თუმცა სათანადოდ არ მუშაობდა.

რუსთავში, საწარმოებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ასეთია:

შპს ჯეოსთილი – საწარმოში თვითმონიტორინგის სისტემები დამონტაჟებულია, თუმცა ამ დრომდე, არ არის ჩართული სამინისტროს ელექტრონული მონიტორინგის ბაზაში, ერთიან სისტემაში.

 “ინსტრუმენტულმა, მილში ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ცალკეულ მავნე ნივთიერებებთან მიმართებით, გასაახლებელი იყო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეთანხმდეს პირველ ეტაპზე სამინისტროსთან. ეს ეხება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც საწარმომ წარმოადგინა სამინისტროში და მიმდინარეობს განხილვა.  გამოიკვეთა, რომ CO-ს გაფრქვევები 22-ჯერ აღემატება იმ მოცულობებს, რაც დადგენილი გახლდათ წინა ჰაერდაცვითი დოკუმენტებით. შესაბამისად, საკითხი გადაიგზავნა ზედამხედველობის სამსახურში და საწარმო დაჯარიმდა 45 000 ლარით. ამ პროცედურების გავლის შემდეგ, შევითანხმებთ ახალ ჰაერდაცვით დოკუმენტაციას, რაც გახლავთ წინაპირობა, რომ შემდგომ საწარმო ჩაერთოს თვითმონიტორინგის სისტემაში. პირველ ეტაპზე აუცილებელია სათანადო ჰაერდაცვით დოკუმენტი გვქონდეს შეთანხმებული,  სადაც არის ჩამონათვალი იმ ნივთიერებებისა, რასაც აფრქვევს საწარმო და ხდება დაკავშირება ონლაინ მონიტორინგის სისტემების, ჩვენი მონიტორინგის სისტემებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ შემდგომში მუდმივ რეჟიმში ზედამხედველობამ აკონტროლოს საწარმოში გაფრქვევების რაოდენობა და მოახდინოს რეაგირება.”– განაცხადა თანდილაშვილმა.

რუსთავის “აზოტის” – შეკვეთილია ონლაინ მონიტორინგის სისტემა და უახლოეს პერიოდში იგეგმება ადგილზე განთავსება.

“აზოტში ეს არ იყო პირველი მონიტორინგი, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რაც კომპლექსურად საჭიროებს მოწესრიგებას. ეს ეხება როგორც ჰაერის ნაწილში ვალდებულებებს, ასევე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამწმენდი ნაგებობების მოწყობას. ამ კომპანიის მიმართ სამინისტრომ მოამზადა მიწერილობა, სადაც განსაზღვრულია ვადები, რა ვადებშიც ვალდებულებების შესრულება უნდა მოხდეს. ჩვენი ინფორმაციით, ონლაინ მონიტორინგის სისტემა არის შეკვეთილი საწარმოს მხრიდან და უახლოეს პერიოდში მოხდება ადგილზე განთავსება იმ წყაროებთან, რომელიც მთავარ გაფრქვევის წყაროებს წარმოადგენს, გერმანული წარმოების დანადგარები არის შეკვეთილი და შესაბამისად, ამ დრომდე ადგილზე არ აქვს კომპანიას, მათი ჩართვა ვერ ხდება მონიტორინგის სისტემაში”

შპს რუსელოისი–  ჩამოტანილია რიგი დანადგარები, რომელთა განთავსებაც იგეგმება და საწარმოს გამოთხოვილი აქვს ჰაერისდაცვითი დოკუმენტები სხვა საწარმოებისგან, რომ საერთო გაფრქვევების მოცულობა შეფასდეს.

“შპს “რუსელოისი”,  რომელშიც ასევე გამოკვეთა კომპლექსური პრობლემები, რაც უკავშირდება ფილტრაციის სისტემების და გამწოვი სისტემების უქონლობას. აქ უფრო კომპლექსურად არის საკითხი გადასაწყვეტი და ადგილზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ რიგი დანადგარები ჰქონდა ჩამოტანილი საწარმოს, რომელთა განთავსებაც დაგეგმილი აქვთ უახლოეს პერიოდში.საწარმოს გამოთხოვილი აქვს სხვა საწარმოების ჰაერდაცვითი დოკუმენტები, რომ შეაფასონ საერთო გაფრქვევების მოცულობა და შედგეს განახლებული ჰაერდაცვითი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან და ჩაერთონ მონიტორინგის სისტემაში”

შპს ჰაიდელბერგი – საწარმოს შეკვეთილი აქვს შესაბამისი დანადგარები და უახლოეს დროში განათავსებენ.

“მათ აქვთ შეკვეთილი შესაბამისი დანადგარები და უახლოეს პერიოდში მოხდება განთავსება დანადგარების, ფილტრაციის სისტემა ფუნქციონირებს საწარმოში, განსხვავებით სხვა მაგალითებისა და საბოლოო ჯამში მონიტორინგის პროცესი იყო ეფექტიანი.”- თქვა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ.

თანდილაშვილის თქმით,  საწარმოების მხრიდან მიიღეს განმარტება, რომ მაისის თვეში მოხდება სისტემების განთავსება.