რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში გაძვირებულ ტარიფთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ,,ინტერტრანსის“ მიერ მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდასთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა.
,,ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიყავით კომპანიის მიმართ, როცა მათი მომსახურების ხარისხი არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს, სწორედ იმ მოტივით, რომ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა მგზავრობის ფასი. ჩვენ შევისწავლით კომპანიის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს . ჩვენი უმთავრესი ინტერესია, არ დაზარალდნენ რუსთაველები და ბუნებრივია, გავითვალისწინებთ ,,ინტერტრანსში“ დასაქმებული მძღოლების ინტერესებსაც, რადგან ისინი რუსთაველები არიან და თითოეული მათგანის უკან დგას ოჯახი. მუნიციპალიტეტი პრობლემის წინაშე არც რუსთაველ მგზავრებს და არც მძღოლებს მარტო არ დატოვებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა.
როგორც კომპანია ,,ინტერტრანსში“ აცხადებენ, მგზავრობის ტარიფის გაზრდა საწვავის ფასის, ასევე სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების საფასურის მკვეთრმა გაძვირებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში, რუსთაველებს გაძვირებული ტარიფი დახვდათ. ტარიფი 2.50 ლარამდე გაიზარდა.
TV4 “ინტერტრანსის” მიერ მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდასთან დაკავშირებით, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, ვაჟა მორგოშიას დაუკავშირდა.
“საქალაქთაშორისო გადაზიდვის ტრანსპორტზე ტარიფი საკრებულოს მიერ არის უცვლელი, ეს არის უკანონო, მგზავრობის საფასურის ზრდას აქვს თავისი წესი, და ფორმა, რაც არ იქნა განხორციელებული. ჩვენ მოვუწოდეთ მერიის შესაბამის სამსახურებს, როცა შიდასაქალაქო ტრანსპორტზე მოხდა ტარიფის ზრდა, რომ მოეხდინათ დროული რეაგირება , რადგან ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იგივე ამბავი მოხდებოდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებითაც. სამწუხაროდ, მაშინ არანაირი ღონისძიება არ გაატარეს მერიის სამსახურებმა და შედეგი გვაქვს სახეზე.” – განაცხადა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვაჟა მორგოშიამ.