რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ორგანოში მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა.
კენჭისყრის შედეგად 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უარყოფითად შეფასდა.
დღესვე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ საკრებულოს ახალი დადგენილება დამტკიცდა.
დადგენილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები ბაღებში ჩაირიცხებიან რუსთავში რეგისტრაციის მოთხოვნის გარეშე.რეგისტრაციის გარეშე ჩაირიცხებიან ასევე ის უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც საჯარო სკოლებში მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე უსრულდებათ 6 წელი.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიან სარგებლობების ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის საკითხს.
კერძოდ, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით მოსარგებლე პირების წინასწარი ინფორმირების საფუძველზე, დღევანდელი საბაზრო ღირებულებების შესაბამისად, ხელშეკრულებებში ძველი სარგებლობის საფასურის ნაცვლად, განისაზღვრა ახალი სარგებლობის საფასური.
დღესვე, დამტკიცდა გიორგაძის N26-ში მდებარე ერთ მისამართზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საკითხი.
საკრებულოზე დღის წესრიგით წარმოდგენილი სხვა საკითხები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.