ქვემო ქართლის სკოლებში 31 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული 590 მოსწავლე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის სკოლებში სულ 31 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული.

რაც შეეხება რუსთავს, ქალაქის საჯარო სკოლებში უკრაინის მოქალაქე შვიდი ბავშვი, N12 და N3 საჯარო სკოლებშია ჩარიცხული.

ამასთან, გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან უკრაინის მოქალაქე სკოლამდელი ასაკის ბავშვები რუსთავში ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში.

ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ბავშვები, რომლებიც საქართველოში 1 იანვრამდე შემოვიდნენ  ბაღებში დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში ჩაირიცხებიან, ხოლო პირველი იანვრის შემდეგ შემოსული ბავშვები მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე შეძლებენ ბაღებში ჩარიცხვას.