ცესკო-მ პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ნომერ 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს მოიცავდა, საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია ნომერი 41, ირაკლი შატაკიშვილი, რომელმაც ხმათა 90.61 პროცენტი (34 333 ხმა) მიიღო.

„ გადაითვალა ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები. ბიულეტენების გადათვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა. გადათვლისას უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. ვიდეომასალა ხელმისაწვდომია Google Drive-ის პლატფორმაზე“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე განმარტებით, სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია: №34 მამუკა ტუსკაძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ – 2 634 ხმა, 6.95 პროცენტი; №59 კამალ მურადხანოვი – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 923 ხმა, 2.44%.

ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 139 989 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 40 614-მა ამომრჩეველმა.