აშშ-ის საელჩომ ,,საქართველოს აერთიანებ შენ“ კამპანიისთვის, 8 ქალაქთან ერთად, რუსთავიც შეარჩია

,,საქართველოს აერთიანებ შენ“- ამ სახელწოდების და შინაარსის კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის საელჩო, ქვეყნის 8 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორსა და თელავში გამოფენა- ინსპირაციებს აწყობს.

პირველი ინსპირაცია დღეს განთავსდა რუსთავის მთავარ მოედანზე.

რკინის კონსტრუქციაში მოქცეული საქართველოს ისტორიის, ვაზის, ქართული ხელოვნების, არქიტექტურული ნიმუშების, ცნობილი ქართველების, ყველასთვის საყვარელი ფილმების, პოეტების და მწერლების ამსახველი ფოტოები, აერთიანებს ყველაფერს, რაც ზოგადად არის იდენტიფიცირებული საქართველოსთან, მის ისტორიასთან და აწმყოსთან.

ინსპირაციის იდეა ერთიანობაა. როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, გამოფენა შექმნილია იმისთვის, რომ საერთო ღირებულებების გარშემო გააერთიანოს ერი.

,,ყველა სხვადასხვა სფერო, ადგილი, ადამიანი, პერსპექტივაში, ჯამში ქმნის საქართველოს. ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. მრავალფეროვანი მიდგომა გვაძლიერებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. საქართველოს აერთიანებ შენ“- წერენ პროექტის ავტორები.

რუსთავში პირველი ინსპირაცია ქალაქის მთავარ მოედანზე დღეს განთავსდა. 28 აპრილიდან 8 მაისამდე, კი რუსთაველებს დანარჩენი 6 ინსპირაციის დათვალიერების საშუალებაც ექნებათ.