უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, უკრაინელების 2 ოჯახი ქალაქ ბოლნისში დროებით საცხოვრებლად ჩავიდა. უკრაინის მოქალაქეები თავდაპირველად ზურა ლიპარტელიანის ოჯახმა შეიფარა.
ბოლნისში მყოფი უკრაინელები ბოლნისის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მოინახულეს. ბოლნისის მერმა უკრაინის მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები მიუტანა, ბავშვებს კი ტკბილეული და უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მერიაში შექმნილ შტაბში შეგროვებული სათამაშოები გადასცა.
ამ ეტაპზე უკრაინელების ორი ოჯახი ქალაქ ბოლნისში ნაქირავებ ბინაში აგრძელებს ცხოვრებას. დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, მერია მათ ბინის ქირით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ქალაქ ბოლნისში მოქმედ მე-5 საბავშვო ბაღში ჩაირიცხნენ.
„ქალაქ ბოლნისში უკრაინელების 2 ოჯახი იმყოფება. ეს ადამიანები ჩვენს მოძმე ქვეყანაში რუსულ აგრესიას გამოექცნენ. დღეს ისინი მოვინახულე, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები და ტკბილეული გადავეცი. უკრაინის მოქალაქეებს ბინის ქირითმერია უზრუნველყოფს, ჩვენ ამ ადამიანებს ყველანაირად დავუდგებით გვერდში. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზურა ლიპარტელიანის ოჯახს, რომელმაც უკრაინელები შეიფარა. ვიმედოვნებ, უკრაინაში ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინელი სამშობლოში მშვიდად ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.