გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.
უწყების ცნობით, ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.
მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის მიზნით, მიღებული შემოსავლები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.”- ნათქვამია ინფორმაციაში.
ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო იურიდიული პირის მიმართაც, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.