„გეკოს“ სისტემის გადაჭრილი თოფები, პისტოლეტები, ვაზნბი – უკანონო იარაღი ამოიღეს [ვიდეო]

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.

უწყების ინფორმაციით, გურიაში პოლიციამ  ზ.ო. სოფელ შუხუთში დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „გეკოს“ სისტემის 3 გადაჭრილი თოფი, 3 სხვადასხვა მოდელის საფანტის პისტოლეტი, 1 კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, 3 არარეგისტრირებული სანადირო თოფი, სხვადასხვა კალიბრის 28 საბრძოლო ვაზნა, „რგდ“-ის ტიპის ხელყუმბარა და 3 ფალია.

1981 წელს დაბადებული პირი დააკავეს თბილისში, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო.  ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია უკანონოდ კულტივირებული, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 9 საბრძოლო ვაზნა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა, კიდევ ერთ 1973 წელს დაბადებული ბრალდებულისგან.

დაკავებულები არიან ასევე 1991 წელს და 1961 წელს დაბადებული პირები თბილისში. ერთ-ერთი მათგანის სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 11 ვაზნა.

1971 წელს დაბადებული პირი დააკავეს სამართალდამცველებმა მარტვილში. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 54 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად.

დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.