გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება.

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები’’ ფარგლებში, ცურტაველის ქუჩაზე, გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურებთან ერთად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები კიდევ ერთხელ განიხილა.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ყველა იმ პროექტის მიმდინარეობას, რომლის განხორციელებაც ქალაქში დაიწყება, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ჯგუფი გააკონტროლებს.

პროექტის ფარგლებში, სკვერში საფეხმავლო და ველობილიკები, სარწყავი სისტემა და მწვანე სივრცეები მოეწყობა, განთავსდება სკამები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ ყველა მემორიალს. ხეივანი, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 მლნ 354 439 ლარს შეადგენს და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.