14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 44 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.
პროტესტი სულ 327 სტუდენტის ხელმოწერით დაიწყო. საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. პარლამენტის შენობის გარეთ მომიტინგეები იდგნენ, შენობის შიდა ეზოში კი, სამხედროები იმყოფებოდნენ. ბოლო წუთს საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.
14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
დღეს უკვე თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქართული ენის შესწავლის კუთხით თანამოქალაქეების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ზუსტად 44 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს გახლდათ უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგნენ და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვა.
დღეს უკვე თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას. ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული ენის შესწავლის კუთხით ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსი და ქართული, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ენა ღირსეულად წარმოვაჩინოთ მთელს მსოფლიოში“,- აღნიშნა მინისტრმა.