რუსთავში პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო შპს ”პოლივიმი” გაიხსნა. ახალი საწარმო მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა, ,,პოლივიმის“ წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
პოლივიმი ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაა, წარმოების პროცესი გარემოს დაბინძურებას არ იწვევს და მისი ძირითადი ნედლეული პლასტმასის მეორადი ჭურჭელია, რაც ნარჩენების სეპარირების კუთხითაც გამართლებულია.
,,დღეს გავხსენით ,,პოლივიმის“ საწარმო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მიმართულებისთვის. აქ როგორც საწარმოო პროცესი არის ეკოლოგიურად სუფთა, ასევე გადამუშავდება მეორადი პლასტმასი. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება ქალაქში მეორადი პლასტმასის შეგროვება. ამ საწარმოს ექნება ძალიან დიდი პოტენციალი, ერთი, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნებს ჩვენი ქალაქის და გაფართოების შემდგომ კი უფრო მეტ რუსთაველს დაასაქმებს “, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
,,ქვემო ქართლის რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება, როგორც უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ასევე ქართველი ბიზნესმენების მხრიდან ახალი საწარმოების გახსნის. უცხოური ინვესტიციის განხორციელების მაგალითი არის ,,პოლივიმის“ საწარმო, რომელიც დღეს გავხსენით. ახალი საწარმო არის ევროსტანდარტების შესაბამისი, რაც ეკოლოგიური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ნედლეულის დასამზადებლად მეორად პლასტმასს მოიხმარს და ჩვენ მხოლოდ ხელს შევუწყობთ ამ ტიპის წარმოებას“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
ქარხანა სრულად უცხოური-ირანული ინვესტიციით, 3,5 მილიონი დოლარითაა დაფინანსებული. ევროსტანდარტების შესაბამისი ქარხანა საბოლოო პროდუქციის სახით, პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს უშვებს, რომელიც თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გადის.
სინთეზური ბოჭკო ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება და ნედლეულს წარმოადგენს ამ და სხვა მონათესავე დარგებისთვის.