პრაქტიკული გამოცდის ორი ეტაპი – სააგენტო ვრცელ ინსტრუქციას ავრცელებს

  შსს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის სიახლეებთან დაკავშირებით, ვრცელ პოსტს აქვეყნებს. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი  დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე, ხოლო მეორე ეტაპი გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარებას გულისხმობს. პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან ხდება.

  • რომელი კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად? 2022 წლის 25 აპრილიდან, მხოლოდ ,,B“ და ,,BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად.

  • „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რა ვადებია განსაზღვრული პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად? მძღოლობის კანდიდატს, უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.
  • რამდენია პრაქტიკულ გამოცდის პირველ და მეორე ეტაპზე გასვლის საფასური?
    მძღოლობის კანდიდატის „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვება უფასოა (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა). პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 30 ლარს.

    პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა) შეადგენს 90 ლარს, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასური 160 ლარს.

  • თუ მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს ჩააბარებს მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით, ექნება თუ არა შესაძლებლობა, მეორე ეტაპის პრაქტიკულ გამოცდაზე გავიდეს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით? მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება როგორც მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე, ისე ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით.
     თუ მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს ჩააბარებს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მეორე ეტაპს ავტომატური კადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშაულებით, მას მიენიჭება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

  • როგორ ხდება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვება?პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვება ხდება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ დაჯავშნოს რიგი.

  • როგორ არის შესაძლებელი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის რიგის დაჯავშნა?
     პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით.

  • რა დროს უნდა გამოცხადდეს მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და რა მოხდება გამოცდაზე დაჯავშნილ დროს გამოუცხადებლობის შემთხვევაში? მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე. გამოცდაზე აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხდება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია. აღნიშნულ შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატს გადახდილი მომსახურების საფასური უბრუნდება მხოლოდ ნაწილობრივ (საფასურის 50%). მძღოლობის კანდიდატს რიგის ხელახალი დაჯავშნა შეუძლია წინა რიგის დაჯავშნის დღიდან, 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ხოლო მისი გამოცდაზე დაშვება შესაძლებელია დისკვალიფიკაციიდან არაუადრეს 90 კალენდარული დღისა.

     აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს ან შეცვლის ჯავშნის დროს. 
  •  შეუძლია თუ არა მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში ჩააბაროს? დაინტერესებული პირი მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდას აბარებს მომსახურების სააგენტოს იმ სტრუქტურულ ერთულში, რომელიც მითითებული ჰქონდა დაჯავშნისას.მძღოლობის კანდიდატი, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს (დახურული მოედანი) აბარებს მისთვის სასურველ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ხოლო მეორე ეტაპს (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში) რიგის ჯავშნის დროს მის მიერ მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში.
  • პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, როდის დაიშვება მძღოლობის კანდიდატი მორიგ გამოცდაზე?პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, იმავე კატეგორიის მისაღები მორიგი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირის დაშვება შესაძლებელია ბოლო უარყოფითი შეფასების მიღებიდან, არაუადრეს 30 კალენდარული დღისა.