ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა [ვიდეო]

რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია – მშენებლონის სამუშაოების მიმდინარეობას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მიმდინარე სამუშაოებს, მთავრობის მეთაურთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნენ.

პროექტის მიზანია რუსთავში ინფრასტრუქტურული, შემეცნებითი, სპორტული და გამაჯანსაღებელი გარემოს გაუმჯობესება, რომლის შედეგადაც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა დანიშნულების სივრცითა და სპორტული ინვენტარით.

შენობაში და მის მიმდებარედ განთავსდება სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები, მოსასვენებელი კუთხეები, კონცეპტუალური სივრცეები და ა.შ.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, პარალელურად, ინვესტორის გადაწყვეტილებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს არა ერთი კონცეფციის დამუშავება სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებისა და განვითარების თვალსაზრისით.

 

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა 18-23 წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე, რომლის თქმითაც პროექტი იქნება უდიდესი მოტივაცია აღნიშნული ტრადიციული სპორტის მიმდევრებისთვის.