პრემიერ-მინისტრი რეგიონის ტურნეს ფარგლებში დღეს ქვემო ქართლს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა, რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ბოლნისსა და მარნეულში სხვადსხვა მეურნეებს და მეწარმეებს ესტუმრა.
- ბოლნისში პრემიერ-მინისტრი იოსებ ქობულაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 30 000 ლარით დაფინანსდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართველი მეწარმეების დაფინანსებას.
- პრემიერ-მინისტრმა რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში 50 ჰა-ზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ხელშეწყობით 247 000 ლარზე მეტით დაფინანსდა.
- ბოლნისის შემდეგ, მთავრობის მეთაური მარნეულის სოფელ დიოკნისში იმყოფებოდა, სადაც კახაძეების ოჯახის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს მეურნეობის მეპატრონემ იური კახაძემ უმასპინძლა.
ოჯახმა ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 5000 ლარის დაფინანსება მიიღო და სასათბურე მეურნეობა მოაწყო.
- ღარიბაშვილი მარნეულში სოფელ ქუთლიარის ახალ სკოლაშიც იმყოფებოდა, მან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია განათლების მინისტრ~მიხეილ ჩხენკელისგან მოისმინა. სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 ახალი სკოლა შენდება, საიდანაც ხუთი დასრულებულია, სამი კი დასრულების ეტაპზეა.
რეგიონის ტურნეში ჩართულები იყვნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული.
მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.