როდის გაიაფდება ქვეყანაში საწვავის ფასი – მთავრობა ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასებმა დაიწია, დაკორექტირდა ვალუტის კურსიც, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ფასები გაიაფდება.
“ფასების ინდიკატორი არის გარკვეულწილად ის კონტრაქტები, რომელიც იდება სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში. ამ კონტრაქტებზე ფასები შემცირებულია, ვიდრე ეს იყო გასულ თვეს. ვალუტის კურსიც ახდენს შესაბამის კორექტირებას, თუმცა შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს იმის მოლოდინს, რომ საწვავის ფასების კორექტირება შემცირების მიმართულებით უნდა მოხდეს,”– განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ამასთან,პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „უნდა გაიხსნას პროცესი და ყველას მიეცეს შესაძლებლობა“, საქართველოში შედარებით დაბალფასიანი საწვავი შემოიტანოს.
“თქვენ გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად რამდენიმე ჯგუფი არსებობდა ბაზარზე, რომელიც ერთი ჯგუფის ხელში იყო მონოპოლიზებული. ისინი იძლეოდნენ დირექტივებს ყველა იმპორტიორის მიმართ. ეს იყო კეზერაშვილისა და სააკაშვილის ხელში. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დღეს რამდენიმე ათეული შემომტანი გაჩნდა ბაზარზე. გახდნენ მსხვილი იმპორტიორები, ჩამოყალიბდნენ მსხვილ იმპორტიორებად იმიტომ, რომ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციაა და სახელმწიფო ზედმეტად, უხეშად არ ერევა ფასების რეგულირებაში და ა.შ. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ. მეორე მხრივ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ყველა კეთილსინდისიერი იმპორტიორის ქცევას, ქმედებას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე შემცირდება საწვავზე ფასებიც თუ კიდევ რაიმე რადიკალური ცვლილება არ განხორციელდა მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.