რუსთავის ბიუჯეტი უკვე 100 მილიონი ლარია – რას მოხმარდება გაზრდილი ბიუჯეტი[ვიდეო]

რუსთავის ბიუჯეტი უკვე 100 მილიონი ლარია. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, 50 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, რუსთავს ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

რუსთავის მერია მასშტაბური პროექტების განხორციელებას ახალ რუსთავში გეგმავს.რუსთავის შემოსასვლელში, თამარ მეფის სახელობის მოედანი განსხვავებულ იერ- სახეს მიიღებს.პროექტის მიხედვით, აქ უსაფრთხოების კუნძულები, სარწყავი სისტემა, თანამედროვე გარე განათება, რეკრეაციული სივრცეები, ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურაც განახლდება.

“რუსთავის ბიუჯეტი უკვე 100 მილიონი ლარია. გასულ წელთან შედარებით, 50 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს ახალი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. ჩვენ დავიწყებთ, უახლოეს მომავალში, რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ახალი მწვანე სივრცე, რომელიც ასევე ტექნიკური წყლით იქნება უზრუნველყოფილი. მოწესრიგდება ყველა ცენტრალური მოედანი, ჩაუტარდება რეაბილიტაცია და აქაც დაემატება მწვანე ზონები. ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები იქნება რუსთავისთვის და მე მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ბიუჯეტში სწორედ ამ პროექტების გათვალისწინება. აღნიშნული პროექტებიც ხორციელდება სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით და დახმარებით.”- განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება შარტავას და რუსთაველის სახელობის მოედნებსაც.

პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთავის შემოსასვლელიდან, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნამდე, ოთხი სრულიად განახლებული სივრცე გაჩნდება.

ტენდერი უკვე გამოცხადებულია ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე მესხიშვილის ქუჩაზე, ცოტა ხანში დაიწყება დიდების ხეივნის და თავგორაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც.

პროექტის მიხედვით, რესტავრაცია ჩაუტარდება დიდების ხეივანში არსებულ ყველა მემორიალს.