რუსთავის მერი ბრიუსელში, ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობს

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას.

ფორუმზე, რომელსაც მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ასობით ქალაქის წარმომადგენელი ესწრება, საქართველოს რუსთავი წარმოადგენს.

 ,,ჩვენი ქალაქისთვის გამოვიყენებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერას, რათა ახალი პროექტებით შევძლოთ იმ მიზნის მიღწევა, რაც ყველას გვაერთიანებს. რუსთავისთვის ეკოლოგია მთავარ გამოწვევად რჩება. ენერგოქალაქების ქსელი არის შესაძლებლობა, გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და საერთაშორისო მხარდაჭერით ეკოლოგიურად ძლიერ და ენერგოეფექტურ ქალაქად ჩამოვყალიბდეთ”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიამ 2020 წელს, ხელი მოაწერა მერების შეთანხმების გაგრძელების ფაზას, რომლის ვალდებულებაც ქალაქთან ერთად, უკვე ქვეყანასაც აქვს.

პარიზის შეთანხმებით, საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის ტერიტორიაზე 2030 წლისთვის , CO2 ემისიების 30 % -ით შემცირების ვალდებულება აიღო. ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, რაშიც რუსთავიც აქტიურადაა ჩართული.