რუსთავში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს, როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს.

შუალედური არჩევნების ჩასატარებლად რუსთავსა და გარდაბანში 121 უბანია გახსნილი(პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბანი და ერთი ე.წ. კოვიდუბანი).

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია სამი კანდიდატი:

N​41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი შატაკიშვილი

N34 – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე;

N59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ კამალ მურადხანოვი;

საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყო. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე –  results.cec.gov.ge.