რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის გაძვირებას და დედაქალაქის მიმართულებით ახალი ავტობუსების დანიშვნას ეხმაურება.
საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ალტერნატიული ტრანსპორტის გაჩენა მისასალმებელია, თუმცა ეს უკანასკნელი პრობლემას ვერ მოაგვარებს.
წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციური ფლანგი ამბობს, რომ საკითხი ერთობლივ მიდგომას და გადაწყვეტილებას საჭიროებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს, კონკრეტული პროგრამა აქვთ შემუშავებული.
“რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მისასალმებელია, თუმცა ეს ვერ მოაგვარებს რუსთაველების პრობლემას და მხოლოდ ერთი მიმართულებით ავტობუსების დანიშვნა ვერ გადაფარავს იმ პრობლემას, რომ დღეს რუსთავის მოსახლეობას უწევს გაძვირებული ტარიფით გადაადგილება. ეს ყველაფერი ერთობლივ გადაწყვეტილებას საჭიროებს, თუმცა ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიებს აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, შემუშავებული შესაბამისი პროგრამა. პირველ რიგში უნდა მოხდეს ავტობუსების ხაზის გაფართოება და დამატება, ასევე მნიშვნელოვანია ხანგრძლივ პერსპექტივაში მოხდეს რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს მშენებლობა და ასევე, მიკროავტობუსების დაგეგმარებასთან დაკავშირებით, მოხდეს კორუფციული რისკების დაზღვევა და შესწავლა ამ მიმართულებითაც. ჩვენი გუნდი ამ მიზნითაც ვთავაზობთ, ორივე პარტიას შევქმნათ ანტიკორუფციული კომისია, რომელიც იმსჯელებს და იმუშავებს ამ საკითხებთან მიმართებით და რეალურად სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება ქალაქის პრობლემა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია რუსთაველი მოსახლეობისთვის.”– განაცხადა საკრებულოს წევრმა პარტიიდან “საქართველოსთვის” ნათია შელეგიამ.
“მივესალმები ნებისმიერ ჩართულობას, ჩვენ საკრებულოში მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ ღია ვართ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მერიის მხარეს მერიის სამსახურებისთვის. ჩვენ დავიწყეთ ეს მოძრაობა და რომ გაეთვალისწინებინათ მერიის სამსახურებს ეს ინიციატივა, აღარ იქნებოდა ფორსმაჟორული სიტუაცია ქალაქში. რა თქმა უნდა, ტრანსპორტი არის კომპლექსურად გადასაჭრელი პრობლემა და ჩვენი ხედვა გაგვაჩნია. ამ ხედვას მრავალი წელია წარვუდგენთ, მაგრამ არ ითვალისწინებენ, ყოველ ჯერზე ჩვენ ვხვდებით უკანონოდ გაზრდილ ტარიფს და ამაზე მერიას რეაგირება აქვს მხოლოდ პოსტ ფაქტუმ”– განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ “ნაციონალური მოძრაობიდან”, ალეკო ბერიძემ.