კომპანიამ “სოკარ ჯორჯია გაზი” საცხოვრებელ კორპუსებში შემოწმებები და სახლებში გაზგამაცხელებლის დალუქვა დაიწყო, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, გაფრთხილების გარეშე.
ადგილობრივები TV4-თან საუბარში აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები გონივრული ვადის გარეშე, მათ გამაცხელებლებს ულუქავენ და ბუნებრივი აირის მიწოდებას უწყვეტენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანია გამაცხელებლებთან დაკავშირებით, საქმის კურსში აქამდეც იყო, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში, მსგავსი ზომები არ მიუღიათ.
“იყვნენ და გამამწარეს. თოვლის და სიცივის დროს მოვიდნენ და გამომირთეს გაზი. გამაცხელებელი გამოცვალეო, 15 წელია მქონდა გამაცხელებლები და ახლაც, არ ვიცოდი, გავეფრთხილებინე, გამომირთეს პირდაპირ”- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მათივე ცნობით, თუ გონივრულ ვადას ითხოვენ და კომპანიის მითითებას დროულად არ ასრულებენ, “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები ადგილზე პოლიციას იძახებენ.
“უნდა დავლუქოთო გვითხრეს, გამოუძახეს პოლიციას, დავკეტე კარები, მოუყვანიათ პოლიცია. ხომ უნდა გამიწიონ რაღაც შეღავათი. ჩვენზე ზრუნავენ, რომ არ გავიგუდოთ?”- აცხადებს რესპონდენტი.
შეგახსენებთ, გასულ წლებში, რუსთავში Co-თი ინტოქსიკაციით და ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაცვალების ათობით შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა კომპანია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა.
TV4 კომპანიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შემოწმებები გეგმიურია.
“„სოკარ ჯორჯია გაზი“ ყოველწლიურად ახორციელებს საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების გეგმიურ-გამაფრთხილებელ შემოწმებებს, რომლის შედეგადაც, არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს შემოწმების აქტს და აბონენტს აძლევს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად.
იმ შემთხვევაში თუ აბონენტი არ გამოასწორებს ხარვეზს გონივრულ ვადაში, კომპანიას უფლება აქვს მას გაზის დანადგარი ჩაუხსნას ან გაზმომარაგება შეუწყვიტოს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, აუცილებელი ხდება დანადგარის ქსელიდან ჩახსნა დარღვევის გამოსასწორებლად გონივრული ვადის მიცემის გარეშე. აღნიშნული უფლება კომპანიას ენიჭება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ქსელიდან ჩახსნას ის დანადგარი ან ხელსაწყო, რომლის ექსპლუატაციაც არ აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ტექნიკური რეგლამენტის ან/და უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან, თუ შეუძლებელია აღნიშნული დანადგარის, ხელსაწყოს ან გაუმართავი ქსელის სისტემიდან (ან ქსელიდან) ჩახსნა და, დარღვევის სიმძიმიდან (უსაფრთხოებიდან) გამომდინარე, აშკარაა, რომ საცალო მომხმარებელს არ შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობით), მაშინ განაწილების ლიცენზიატს ხარვეზის გამოსწორებამდე უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია საცალო მომხმარებელს მოეთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთების ღირებულების გადახდა ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის.“- განუცხადა კომპანიამ TV4-ს წერილობით.