კომპანია “ინტერტრანსის” მიერ, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასის გაძვირებას და რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით, ალტერნატიული ტრანსპორტის დანიშვნას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირში ეხმაურებიან.
პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ლავრენტი ალანია ამბობს, რომ როგორც შიდასაქალაქო, ისე თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის გაძვირებას უფრო გლობალური მიზეზები აქვს და მძღოლების მიმართ გამოხატული აგრესია, რასაც სოციალურ ქსელში აქვს ადგილი, უსამართლოა.
“ფაქტია, რომ როგორც შიდასაქალაქო, ისე რუსთავ-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. შიდასაქალაქო ტრანსპორტის გაძვირებამ გამოიწვია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრთა მობილობა გაიზარდა, რუსთავის მოსახლეობას აქვს კომფორტული ტრანსპორტი და არჩევანის შესაძლებლობა.
ანალოგიურად მოხდა რუსთავ-თბილისზეც, გაძვირდა და გაძვირება გამოიწვია იცით, როგორმა მდგომარეობამ. ვნახეთ, რომ მერიამ ალტერნატიული ტრანსპორტი გამოიყვანა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს შეღავათიანი ფასით იმგზავროს, შეუძლიათ კომფორტულად, ადაპტირებული ავტობუსებით მივიდნენ მეტროსადგურამდე.
შეფასება რომ მძღოლები დამნაშავეები არიან, ასე არ არის. თუ ვინმეა დამნაშავე, მინდა უფრო გლობალურად შევხედოთ, დამნაშავეა ის ავტოგასამართი სადგურები და კომპანიები, რომლებიც შეუთანხმებლად აძვირებენ საწვავს და საწვავის გაძვირება იწვევს ყველაფრის გაძვირებას ქვეყანაში.
აქედან გამომდინარე, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ალტერნატივა გააჩინა, გაჩნდა კონკურენცია და კომპანია “ინტერტრანსიც” შეეცდება, რომ უფრო კომფორტული გახადოს მგზავრთა გადაყვანა, რადგან არსებობს უკვე როგორც შიდასაქალაქოზე, ისე რუსთავ-თბილისზე ალტერნატივა.”– განაცხადა ლავრენტი ალანიამ.









