„ჭიაკოკონობის“ გამართვასთან დაკავშირებით, ნარჩენის ღია წესით დაწვისთვის დაჯარიმდებით

ტრადიციული რიტუალის „ჭიაკოკონობა“ გამართვასთან დაკავშირებით,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.