“ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს, თუ ექნება კონკრეტული გეგმა და ხედვა, რომელიც რეალურად მოაგვარებს რუსთავი-თბილისის ტრანსპორტის პრობლემას, სიამოვნებით მოვისმენ. თუ ეს იქნება ადეკვატური, ისე არა, რომ თანამდებობის პირი აკეთებდე განცხადებას და მხოლოდ სურვილს ამბობდე. სურვილები ძალიან ბევრი გვაქვს, საქმის კეთება არის რთული”– ასე ეხმაურება რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე რუსთავი-თბილისის მიმართულებით დანიშნულ მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით, გამოხმაურებას.
როგორც ქალაქის პირველი პირი ამბობს, ახალი ავტობუსები დედაქალაქის მიმართულებით სტუდენტებისთვის შეღავათია და ამ ეტაპზე ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მუნიციპალიტეტმა შეძლო.
“ეს არის მაქსიმუმი, მუნიციპალიტეტს რისი გაკეთებაც შეეძლო. ჩვენ სამართლებრივი პროცედურები დავიწყეთ “ინტერტრანსთან”, მათ უნდა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ჩვენ გამოვიყენეთ საჯარიმო სანქცია და შეხვედრებს კიდევ გავაგრძელებთ მათთან. გამოვძებნეთ რესურსი და შევქმენით ალტერნატიული ტრანსპორტი. მინდა ხაზი გავუსვა განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, მათთვის არის საშეღავათო ტარიფი, 50 თეთრი, რუსთავის შიდა ტრანსპორტით სარგებლობენ 20 თეთრიანი ტარიფით, ანუ თუ ვინმე ძველ რუსთავში ცხოვრობს 20 თეთრად შეუძლია მივიდეს გასასვლელთან, გადაიხადოს შემდეგ 50 თეთრი ,დედაქალაქში ჩვენი სტუდენტები ნებისმიერი ტრანსპორტით სარგებლობენ 20 თეთრიანი საფასურით, ჯამში შეიძლება გამოუვიდეს სტუდენტს ერთი გზა 90 თეთრი“-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ,
ამასთან, რუსთავის მერმა განმარტა, რატომ დადგინდა ავტობუსების მარშრუტად ქალაქის შემოსასვლელი და ისნის მეტრო.
“ხაზი რომელიც დადგენილია, დადგენილია თბილისის საკრებულოს მიერ და არ გვაქვს შესაძლებლობა ალეტრნატიული მარშრუტი განვსაზროთ.ეს დადგენილია და ამით განვსაზღვრავთ. ამ ეტაპზე ფიზიკურად არ გვაქვს მეტი შესაძლებლობა, 20 წუთიანი ინტერვალით მხოლოდ გასასვლელიდან შეუძლია ავტობუსს იაროს, სხვა შემთხვევაში იქნება გადატვირთული და 20 წუთიანი ინტერვალით ვერ შეძლებს ჩვენი ტრანსპორტი სიარულს.“- განაცხადა რუსთავის მერმა.