რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის გაძვირებიდან მეორე დღესვე, რუსთავის მერის ინიციატივით, მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნა თბილისის მიმართულებით.
მერიის ეს გადაწყვეტილება კერძო სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსის“ მხრიდან მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდას მოჰყვა.
პირველ ეტაპზე ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტროს მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრობის ღირებულება „ინტერტრანსის“ ფასთან შედარებით თითქმის ნახევარი იქნება, რაც 1.50 ლარია. შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც მხოლოდ 50 თეთრს გადაიხდიან.
მერის განცხადებით, ძალიან სწრაფად მოხდება მგზავრთა გადაყვანის გაუმჯობესება, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული რუსთაველების ინტერესების და მოხდეს მათი შეუფერხებლად გადაადგილება.
„გუნდმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლის M3 კატეგორიის ავტობუსები. ჩვენ მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის შექმენით ალტერნატიული გადაადგილების საშუალება. სტუდენტებისთვის მგზავრობის ფასი 50 თეთრია, სტანდარტული ტარიფი კი 1,50 ლარი. პარალელურად, დავიწყეთ და ვაგრძელებთ სამართლებრივი პროცედურები „ინტერტრანსთან“ მიმართებაში. გუშინ გვქონდა მათთან შეხვედრა და დავაჯარიმეთ კომპანია. დარღვეულია სახელშეკრულებო პირობების რამდენიმე მუხლი, ჩვენ მათთან რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კომპრომისამდე მივიდეთ. მანამდე რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს კომფორტული, თანამედროვე და ევროპული სტანდარტების ავტობუსები“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
პირველ ავტობუსით თბილისის მიმართულებით, ქალაქის მერთან ერთად, თბილისში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა იმგზავრეს.









