დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სიდედრი სცემა, მეუღლე კი ცივი იარაღით დაჭრა

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ბორჯომში დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის პირველ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე – 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.