შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისში, აჭარასა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია.
ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ცხრა პირს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ხუთი პირი , ხოლო 1976 წელს დაბადებულ ვ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.