ინსპექცია- 15 წლის ბიჭს ფერმაში იძულებით ამუშავებდნენ

შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის, 15 წლის ბიჭის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაშიც ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა შედიოდა.  (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).

შრომის ინსპექციამ დაადგინა, რომ მუშაობაზე უარის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხელფასი არ გადაუხადეს.

„არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.

მუშაობის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.

ყოველივე ამის საფუძველზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა იძულებითი შრომის ფაქტი. ამას გარდა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126/ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანიზიაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისთვის ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით დააკისრა.