მაშველებმა მდინარის ნაპირზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

მაშველებმა მდინარე ბურსას ნაპირზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” – ში შემოსული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბურსაში, მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა მამაკაცი, რომელიც მდინარის ადიდების გამო ვერ ახერხებდა მეორე ნაპირზე გადასვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე, თოკების საშუალებით, უვნებლად გამოიყვანეს. ამ დროისთვის, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.