პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დასრულდება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დასრულდება. სკოლაში ჩარიცხვის მსურველებს მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

მეორე ეტაპზე სკოლებში ის ბავშვები რეგისტრირდებიან,  რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია საჯარო სკოლებში ხორციელდება. მშობელმა სკოლაში აუცილებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება და  24 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.