სოფელ ნაზარლოში მძღოლების მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, მხარეებმა რუსთავში, პროფკავშირების ოფისში, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლეს.
კომპანიაში “ჟღენტი და ტრანსკომპანია” დასაქმებულ მძღოლებსა და დიდუბის სადგურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა პროფკავშირების ჩართულობით შედგა.
როგორც პროფკავშირებში განმარტავენ, მთავარი მიზანია, რომ მძღოლები დასაქმების გარეშე არ დარჩნენ. მათივე ცნობით, აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდა და მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი კომპანიასა და სადგურის წარმომადგენლებს შორის შედგება.
შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია 2 მაისს გამართეს. მძღოლები, ნაზარლო-თბილისის მარშრუტზე ალტერნატიული ტრანსპორტის გაჩენას აპროტესტებდნენ. ალტერნატიული ტრანსპორტის დანიშვნას აღნიშნულ მარშრუტზე ის კერძო პირი გეგმავდა, რომელსაც ე.წ. დიდუბის სადგურზე ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც “ტრანსკომპანიის” მიკროავტობუსები ჩერდება.