რუსთავის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წინ ბიურო უძღოდა. საკრებულოზე ჯამში სამი საკითხი გავიდა, თუმცა როგორც სხდომაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტის მერიამ კომისიების და ბიუროს ფორმატში რამდენიმე საკითხი წარადგინა, მათ შორის სოციალური და ინფრასტრუქტურული, თუმცა ბიურომ საკრებულოზე გატანის გადაწყვეტილება არ მიიღო და საკითხებზე მსჯელობა ვერ შედგა.

საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” აცხადებენ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ, რომელზე პასუხებიც მერიის წარმომადგენლისგან საკრებულოსთან ურთიერთობის საკითხებში, დავით მაღლაკელიძისგან ვერ მიიღეს. ოპოზიცია ითხოვს საკითხები ბიუროს სხდომაზე შესაბამისი სამასახურების უფროსებმა წარადგინონ.

რაც შეეხება დღეს განხილულ საკითხებს,  ერთ-ერთი ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს ეხებოდა.

საკითხი სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა.

როგორც მამუკა მამაიაშვილმა განაცხადა, 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა ტრანსფერებმა, ხარჯვით ნაწილში დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გაზრდილმა შემოსავლებმა. მისევე განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, გრანტის სახით 6 მილიონ 509, 3 ათასი ლარი გამოიყო, გაზრდილმა შემოსავლებმა – 319,7 ათასი ლარი, ხოლო გამოვლენილმა ეკონომიებმა – 524,5 ათასი ლარი შეადგინა. ჯამში რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების ნაწილის გეგმა 100 მილიონ 126,8 ათასი ლარით განისაზღვრა

დანარჩენი ორი საკითხი,რომელიც საკრებულომ დღეს განიხილა პროცედურულ ნაწილს ეხებოდა.