საგამოცდოდ დადგენილ გზებზე სასწავლო სვლა აკრძალული იქნება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად მომსახურების სააგენტოს მიერ საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სასწავლო სვლა აკრძალული იქნება.

მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს.

მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში, მათ შორის რუსთავში შეძლებენ.

„B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.