არაფორმალური განათლების სივრცის “კარცერ-ლუქსი „ადამიანი“ ორგანიზებით, სპექტაკლის „წითელქუდას გზაზე“ ჩვენება გაიმართა. რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სპექტაკლში „კარცერ ლუქსის“ აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. სცენარი და რეჟისურა საკვირაო სკოლის დამფუძნებელს, ლალი ნემსაძეს ეკუთვნის.
სპექტაკლის ჩვენებას ახალგაზრდების მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„პანდემიის პერიოდში გაჩნდა სპექტაკლის იდეა, ჩვენ ხშირად დავდივართ თეატრში და აქაც ვიწვევთ სტუმრებს. პირველი სტუმარი გურამ დოჩანაშვილი გახლდათ, სტუმარი მხატვარიც შეიძლება იყოს, მუსიკოსიც, მწერალიც, ასევე ჩვენი ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც რაღაც მნიშვნელოვანს ქმნიან შემოქმედებითი თვალსაზრისით.
პანდემიის პერიოდში, რადგან ყველა თეატრი დაკეტილი იყო, თავისთავად მოვიდა ეს იდეა. პირველი, რაც შევქმენით იყო “პეპი”. “წითელქუდას გზაზე” უკვე მივუძღვენით რეზო გაბრიაძის ხსოვნას. ასე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი ის გზა, რითაც ამ თაობამ შეიძლება გაიცნოს ჩვენი შედევრები, ჩვენი კლასიკოსები.
სპექტაკლში მთავარი აქცენტი იყო, რომ ეს არ არის უბრალოდ „წითელქუდა“, ეს არის წითელქუდას გზაზე. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ამ გზაზე და შეიძლება გადაეყაროს მგელს. ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ, ყველა გზა არ მიდის რომში, ყველა სახლიდან იმიტომ მიდის, რომ მერე შინ დაბრუნდეს, გურამ დოჩანაშვილს რომ დავესესხოთ.
წითელქუდას გზაც არის ეს გზა, შინიდან შინისაკენ, ის გამოდის მშობლიური სახლიდან და მიდის ბებოს სახლთან. ეს იყო მთავარი გზავნილიც, რაც შეიძლებოდა ეთქვა ამ სპექტაკლს, ჩვენ უნდა მოვიაროთ ყველაფერი, უნდა წავიდეთ განვითარებისთვის, გაზრდისთვისაც, სახელსთვისაც, შინაგანი სინათლის გამოსხივებისთვისაც და ეს ყველაფერი ალბათ სრულდება შინ დაბრუნდებით“– ამბობს ლალი ნემსაძე.
ინფორმაციისთვის, საკვირაო სკოლა „კარცერ-ლუქსი „ადამიანი“ 2 000-იანი წლებიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას, არაფორმალური განათლების განვითარებას და თაობების დაკავშირებას.
სპექტაკლის სრულად ნახვა შეგიძლიათ TV4-ის იუთუბ არხზე.