ანაზღაურების მიღების მიზნით, მოქალაქეები სისხლის ჩაბარებას სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებენ. კანონში ცვლილებები იგეგმება, რის შედეგადაც 2025 წლიდან სისხლის ჩაბარება ნებაყოფლობითი ხდება, ანაზღაურების გარეშე.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
„კანონპროექტის მომზადება მოტივირებულია იმ გარემოებებით, რომ ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემა ძირეულ განახლებას საჭიროებს. ეს ვალდებულება ასევე განსაზღვრულია საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემო, რომელიც ქვეყანაში არეგულირებს სისხლის უსაფრთხოების სისტემას შესაბამისობაში მოვიდეს ევრო დირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი, რომელიც დღეისათვის სისხლის კომპონენტების და დონორობის საკითხებს, 1995 წელს არის მიღებული და ბუნებრივია, მთელი რიგი ასპექტები განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას საჭიროებს“, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, კანონპროექტის მიზანია ცენტრალიზებული სისტემის შექმნა, რომელსაც ხელშეწყობა ექნება ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით. ამასთან, რეგულირების სააგენტოში ქვედანაყოფი ჩამოყალიბდება, რომელიც სისხლის პროდუქტების მოძრაობაზე კონტროლს უზრუნველყოფს და ტესტირების პროცესებს მონიტორინგს გაუწევს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, კანონპროქტი ორიენტირებულია უანგარო დონაციაზე.დღევანდელი მონაცემებით, თუ წელიწადში საშუალოდ 95 ათასამდე დონაცია ტარდება, აქედან უანგარო 41% შემთხვევებშია, 42% ანაზღაურებადია, 16 % კი ნათესაურია. ახალი კანონის თანახმად, ეს სისტემა უნდა გადავიდეს უანგარო დონაციაზე.