რუსთავის ბაღებში რეგისტრაცია 6 ივნისს დაიწყება

რუსთავის ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივნისს დაიწყება. ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით,  ორეტაპიანი რეგისტრაცია  ბაგა-ბაღების გაერთიანების ვებგვერდზე www.rustavikids.ge მოხდება.

პირველი ეტაპი 6 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. 

ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები.

ეს კატეგორიებია:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
  • დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);
  • მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი);
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
  • ობოლი (მარჩენალდაკარგული მშობლის) შვილები;
  • მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
  • ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა შვილები;

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

“მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილება, რაც გულისხმობს სასკოლო ასაკის ზღვრის გადაწევას 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, საჯარო ბაღებსაც შეეხო. შესაბამისად, აღსაზრდელის რეგისტრაციისთვის აუცილებელია, ბავშვი პირველ ოქტომბრამდე იყოს ორი წლის.

რეგისტრაციის დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს.

დეტალური ინსტრუქცია რეგისტრაციის გვერდზე www.rustavikids.ge განთავსდება 1 ივნისს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის გავლისთვის აუცილებელია ბავშვი იყოს რეგისტრირებული რუსთავში.

ამასთან, რუსთავის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ ბაგა-ბაღების გაერთიანებას.

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ ეტაპზე, აღსაზრდელების რეგისტრაცია არ იწარმოებს პირველ ბაღში.”- ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.