გამყრელიძე “მაიმუნის ყვავილზე”- სამედიცინო ქსელში დაიგზავნა რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს.

„ინფექცია ძირითადად კონცენტრირებული იყო აფრიკის ქვეყნებში. ახლა გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებშიც. 100-მდე შემთხვევაა აღწერილი, სიკვდილი კი არ არის დაფიქსირებული. ყველაზე მეტი ესპანეთსა და პორტუგალიაშია გამოვლენილი. ინფექცია გადადის როგორც წვეთოვანი, ისე სქესობრივი გზით, დაბინძურებული საგნების შეხებით, ამიტომ არის რეკომენდებული ამ მიმართულებით რიგი პრევენციული ღონისძიებების დაცვა.

1980 წლებამდე დაბადებულებს, ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს. ეს პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ აუცილებელია, შესაბამისი მიმართულებები გაძლიერდეს. ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ვაქვეყნებთ, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი „მაიმუნის ყვავილზე“. სამედიცინო ქსელში დაიგზავნა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ყურადღება.განგაშის სიგნალი ანთებული არ არის. საუბარია, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას ამ ვირუსზე. საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.