რუსთავის ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დასრულდა. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში TV4-ს განუცხადეს, რეგისტრაცია გაერთიანების ყველა ფილიალში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში განხორციელდა.
ბაგა-ბაღების გაერთანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის თქმით, საყოველთაო რეგისტრაციამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა, არის ბაღები, სადაც კიდევ არის ვაკანტური ადგილები და სექტემბრისთვის გაერთიანება ბავშვების მიღებას განაახლებს.
“გვაქვს ბაღები, რომელშიც სრულად შეივსო ვაკანტური ადგილები და გვაქვს ბაღები, რომელშიც დაგვრჩა ვაკანსუტი ადგილები. სექტემბრისთვის განვაახლებთ მიღებას და მიღება განხორციელდება განცხადების საფუძველზე. მაგალითისთვის, რომ გითხრათ, ვაკანტური ადგილების რაოდენობა ბაგაში გვქონდა 1 082, გაკეთდა 918 განაცხადი და აქედან ჩაირიცხა 803 აღსაზრდელი. რომ განვმარტოთ, გვაქვს ისეთი რეგისტრაციები, რომელიც არასწორი იყო და მხოლოდ ერთი ბაღი ჰქონდათ პრიორიტეტად მითითებული ანუ მონიშნული და შესაბამისად, პროგრამამ არ გადაიყვანა ეს ბავშვი სხვა ბაღში. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ბაღებში არის საკმარისი რაოდენობის ადგილები და ყველა დაკმაყოფილდება. არანაირი ხარვეზი რეგისტრაციის პროცესში არ ყოფილა. “- განაცხადა ეკა ხუციშვილმა.