დავით გარეჯის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. N21ბ-ში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ წლებია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის პრობლემა აქვთ. მათივე თქმით, გაუმართავ კანალიზაციასთან ერთად, სანიაღვრე არხებიც პრობლემურია და საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტს წერილობით რამდენჯერმე აცნობეს.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ “რუსთავის კორპუსმა” დაახლოებით ერთი თვის წინ აღნიშნულ მისამართზე წყლის მილები სარდაფებში სრულად შეცვალა, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემაა გარე საკანალიზაციო ქსელი.
მათივე ცნობით, საქმის კურსშია კომპანია “რუსთავის წყალი”.
რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, “რუსთავის წყალში” აცხადებენ, რომ დაზიანებულ მონაკვეთზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩაატარეს, გაწმინდეს წყალარინების საკვანძო ჭები და ქსელები, შედეგად დავით გარეჯის ქუჩაზე ქსელი გამართულად მუშაობს.