“მზიურის”პარკში ლეგენდარული ბეგე – ბეგემოტის ქანდაკება გაიხსნა – თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოტი “ბეგე” 13 ივნისის წყალდიდობის დროს ზოოპარკის ტერიტორიიდან გავიდა. “ბეგე” რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. გავრცელდა არაერთი ფოტო, სადაც ასახულია გმირთა მოედანზე მდგარი ცხოველი, რომელიც მოგვიანებით ზოოპარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს.
13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. ბოლო პერიოდის უპრეცენდენტო მასშტაბის სტიქიამ დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მთლიანად დაიტბორა “მზიური” და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს. დაღუპულებს დღეს დედაქალაქში 13 ივნისის მემორიალთან გაიხსენებენ.