რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კლდიაშვილის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მესხიშვილის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის, შარტავას გამზირსა და მე-19 მე-20 მიკრორაიონში ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
კლდიაშვილის ქუჩაზე, 35 ათას კვ. მეტრ ფართობზე მულტიფუნქციური სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არაფორმალური განათლების ცენტრი – მედიათეკაც აშენდება.
მოეწყობა ქვაფენილი, დასასვენებელი სკამები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მცირე დენდროლოგიური ზონები, ფანჩატურები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, სთრითბოლის მოედანი. ცალკე ადგილი იქნება გამოყოფილი ჭადრაკის მოყვარულთათვის და მოეწყობა შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონაც. სკვერი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტის ღირებულება 4 256 559 ლარია.
ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს მესხიშვილის ქუჩაზეც, სადაც საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სკამები, გარე განათება, გაზონები და სარწყავი სისტემა მოეწყობა. სამუშაოების ღირებულება 307 340 ლარია.
ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შარტავას გამზირის #19-დან მე-20 მიკრორაიონის #1 კორპუსამდე, პროექტის ღირებულება 479 439 ლარია.
სამივე პროექტის განხორციელებისთვის, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 5 043 338 ლარი დაიხარჯება.