რუსთავის საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან”, ვაჟა მორგოშიას ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარე მორგოშიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, რუსთავში, ვაჟა მორგოშიამ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
მორგოშას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.”-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაქტთან დაკავშირებით, ვაჟა მორგოშიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
ინფორმაციისთვის, ვაჟა მორგოშია რუსთავის საკრებულოს წევრია პარტიიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ის საკრებულოში სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობს.