შვედეთში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი დოხტურიშვილი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ხუცურაულს შეხვდა და სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას ქვემო ქართლის დელეგაციამ მოინახულა უფსალას სავაჭრო-სამრეწველო პალატა და რეგიონის ინოვაციების ჰაბი. დელეგაციის წევრები გაეცნენ უფსალას ეკონომიკურ და ბიზნეს შესაძლებლობებს, ასევე, წარმოადგინეს საკუთარ რეგიონში არსებული საინვესტიციო პროექტები.
,,შვედეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩვენს რეგიონებს შორის არსებულ თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, დამეგობრობის საკითხებზე, ურთიერთობების შემდგომ გაღრმავების გზებსა და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორული კავშირების გაფართოება, რაც ორ რეგიონს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში რეგიონის დელეგაციის წევრთან, საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდგორელის” ხელმძღვანელ ლევან ჟვანიასთან ერთად მოვინახულეთ და შევხვდით შვედეთში მოქმედ ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დავესწარით მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტებს, შევხვდით ქართველ ემიგრანტ ბავშვებს და მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადავეცით. ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ორ რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე მზად ყოფნის გამოთქმა”- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.