ქვემო ქართლში, საქართველოს მელიორაცია, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის დაზიანებული მილსადენის აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხისში, დიდი რაოდენობის ნალექის გამო განვითარებული მეწყერის შედეგად, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამტრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.
სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, თენგიზ ნასარიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საექსპლუატაციო გზა, განხორციელდა ავარიული მილსადენის დემონტაჟი, ქვაბულში გაკეთდა სადრენაჟო არხი.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვაბულის გრუნტით შევსებისა და არსებული მილსადენის კოროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავების სამუშაოები.
აღდგენითი სამუშაოები გეოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით ხორციელდება.